ტუსა ჯანგავაძის ჩანაწერი: დასაწყისის დასაწყისში

ტუსა ჯანგავაძეშესავლის მაგიერ:

თუ ახლა ამ ჩანაწერს კითხულობთ, ალბათ, სულ ცოტათი მაინც გაინტერესებთ ისეთი თემები,როგორიც ლიბერალიზმი და ჟურნალისტიკაა. ხოლო თუ მაინცდამაინც ბლოგის ამ რუბრიკამ დაგაინტერესათ, როგორც ჩანს, თქვენც იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც მშრალი ფაქტები, სტატისტიკა, ციფრები და ქრონიკები აზრს მოკლებული ხარახურაა, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ უფრო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით ინტერესდებით.  მინდა გითხრათ, რომ თქვენ სწორედ იქ მოხვდით სადაც საჭიროა!. ამ რუბრიკაში თქვენ ვერ ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ  თუ რამდენ ხანს გასტანა ამა თუ იმ შეხვედრამ, ვინაა პროექტის დონორი, რა განრიგით ჩატარდა ტრენინგი და ა.შ სამაგიეროდ, აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ შთაბეჭდილებები, რომელიც როგორც წესი, უფრო დიდხანს გვრჩება, ვიდრე ფაქტები, რომელთა დავიწყებაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივია.

დასაწყისის ჩანაწერი:

დღე პირველი – შეხვედრა ბათუმელ კოლეგებთან.

პირველი რაც დამამახსოვრდა ჩვენი კოლეგის სიტყვები იყო ,,ნუ დაწერთ მშრალად რამის შესახებ, უბრალოდ მოყევით”

მეც შევეცდები უბრალოდ მოვყვე…

როგორც წესი ასეთი შეხვედრებისას არსებული ვითარების აღწერას ყველა მეგობრული,თბილი და კეთილგანწყობილი ფრაზებით ცდილობს, მაგრამ მე სიტყვა ვითარების მიმართ არც ერთი ეს ეპითეტი არ მომწონს. ამიტომ უბრალოდ დავიწყებ.

ეს შეხვედრა  ჩვენთვის პირველ რიგში, დიდ მოლოდინთან ასოცირდებოდა, ვაღიარებ წარმოდგენაც არ მქონდა ტრენინგამდე მომავალში ამ პროექტში რა უნდა მეკეთებინა, არც იმაზე მიფიქრია ბევრი, რომ თურმე კარგი თემატიკის გადაცემის ჩაშლა ისეთ პატარა დეტალსაც შეუძლია, როგორიც მოწვეული რესპოდენტის გაურკვეველი სტატუსი ან ამ სტატუსის გამოსააშკარებლად სწორად ვერ დასმული პირველი შეკითხვაა, ამ ტრენინგზე აღმოვაჩინე პირველად თუ როგორ შეუძია ოპერატორს ან უკეთ რომ ვთქვათ უოპერატორობას ტრაგედია- კომედიად აქციოს. და რაც მთავარია, აქამდე ვინმეს რომ ეთქვა, ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მოსამზადებელი გადაცემისთვის თემას ვერ იპოვიო, ან მას ვურჩევდი ოფთალმოლოგს სწვეოდა და მერე ირგვლივ კარგად მიმოეხედა, ან ნათქვამს ჩემი გონებრივი პოტენციალის შეფასებად მივიჩნევდი და თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი. მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე.

ტრენინგის შემდეგ მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ჩვენ რეალობაში არსებულ პრობლემების ნახევარზე ვიღაცას ოდესღაც სადღაც რაღაც უკვე აქვს ნათქვამი, მეორე ნახევარზე საუბარი კი თითქმის შეუძლებელია, რადგან ან ინფორმაციას ვერ მოიპოვებ ან თუ რესპოდენტს  იპოვი,  კითხვის მიზანში სროლა მოითხოვს შენგან ჟურნალისტურ რობინ ჰუდობას.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ეს მაინც არ ყოფილა, ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით, მაინც ის იყო რომ 20 ახალგაზრდა, რომელთა ნახევარზე მეტსაც წარმოდგენა არ ქონდა, სინამდვილეში რა რთულია თქვა რამე ახალი ან ძველი ახლებურად – ამაზე დაფიქრდა. ამას მიხვდა არა მონოტონური ლექციის შედეგად, არამედ იმით, რომ ჩვენმა ბათუმელმა კოლეგამ “გვაიძულა”  რაღაც ახლებურად დაგვენახა და გავმცდარიყავით ისეთ სტერეოტიპულ ხედვას როგორიც “ამას რა უნდა” ტიპის ფრაზებია.

ვფიქრობ, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ პირველი, თუმცა ყველაზე რთულად გადასადგმელი ნაბიჯია, აღმოაჩინო სირთულე და მიიღო ეს გამოწვევა – მაგარი შეგრძნებაა!

თუმცა როგორც, ერთ ძველ და საინტერესო გადაცემაში  ქერა წამყვანი ფრანგული ღიმილით გვამცნობდა: მეგობრებო, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია 🙂.

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.