პასუხი ISIS-ის

საკონიკურსო პოსტი

ავტორი: ირმა დიმიტრაძე

სალამს გიძღვნით და მშვიდობას გისურვებთ საქართველოდან სირიაში წასულებს;

საქართველოში, მივიღეთ თქვენი გზავნილი… უცხო ქვეყნიდან ქართველის გზავნილს უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, მინდა მოგწეროთ.

მე თქვენ მომმართეთ, მაგრამ არ მიცნობთ… ადამიანი, ქართველი, ისლამი – მე და თქვენ სწორედ ეს სამი სიტყვა გვაერთიანებს, ჩვენზე ამ სიტყვებით მსჯელობენ, ამ სიტყვებით გვახასიათებენ. მაგრამ ჩვენ ამ სიტყვებს წარმოვთქვამთ და სრულიად სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ… დიახ, მე და თქვენ… ჩვენ სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა მიმართულებისკენ მივემართებით. არა და თუ კი დანიშნულების პუნქტი ჭეშმარიტებაა, ის ერთადერთია და მისკენ განსხვავებული მხოლოდ გზებია, მიმართულება – ერთადერთი! მე თქვენ მოგისმინეთ, ახლა მინდა ჩემს გზებზე მოგიყვეთ, ჩემს მიმართულებაზე.

მოდით ამ სიტყვებს „ჩემად“ და „თქვენად“ დავყოფ, რამეთუ, ჩვენ ასო-ბგერათა ერთი და იგივე  თანმიმდევრობით შედგენილი სიტყვებით, სხვადასხვა არსზე ვსაუბრობთ. ვისაუბრები „ადამიანისა“ და „ისლამის“ შესახებ, რადგან ეს ყველაფერი სრულიად სცდება ეროვუნულ ჩარჩოებს.

ჩემი ადამიანი სიყვარულისთვის შეიქმნა… ჩემი ადამიანი სიცოცხლის მსახური, მცველი და თანამებრძოლია… ჩემმა ადამიანმა ტკივილს და სიძულვილს უნდა ებრძოლოს, ისინი უნდა გარდაქმნას სიხარულად და სიყვარულად… თქვენი ადამიანის მოვალეობა რა არის?!.

ღმერთმა, რომელმაც (როგორც მიმართვაშიც ამბობდით)  ადამიანი ერთი წვეთი სისხლისგან გააჩინა, მთელი დედამიწა და ყველაფერი დედამიწაზე სწორედ ადამიანისთვის შექმნა, როგორც მისთვის უსაყვარლესი არსებისთვის. ჩემი ისლამი მასწავლის, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა, იმდენად მთავარი, რომ მის წინაშე ჩადენილ ცოდვაზე მიტევებას, მხოლოდ მისგან თუ მიიღებ… ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მთელი კაცობრიობის გადარჩენას უდრისო, მეუბნება ჩემი ისლამი… გაეცი, დაეხმარე, განკურნე, დააპურე, არ გაკიცხო, მოითმინე, არ განასხვავო ისე დაეხმარე… ამას მეუბნება ჩემი ისლამი! თქვენი ისლამი რაზე საუბრობს?!.

თქვენს ვიდეო-მიმართვაზე ვფიქრობ… კადრში ოთხივე თქვენგანს „ავტომატი“ გიდევთ კალთაში, ნეტავ რატომ?!. რაში გჭირდებოდათ?!. ასე უფრო საშიში და ძლევამოსილები გინდოდათ გამოჩენილიყავით?!. ასე გითხრეს, თუ ასე დაინახეთ სხვები, რომ აკეთებდნენ?!. ვის აშინებდით დედებს, მამებს, ძმებს, დებს, ცოლებს, შვილებს… თქვენსას და სხვისასაც, აბა ვის, რომელ მათგანს?!. მაგ ხელებით, ოდესღაც მშობლებს, ახლობლებს რომ ეფერებოდით და ახლა ბინძურ იარაღს ჩასჭიდებიხართ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა… ვფიქრობ და მართლა მეშინია, სიცოცხლის დამცველთა რიგებს რა ძლიერი ხელები გამოაკლდა… ეს ხელები ახლა განწირულნი არიან, იღუპებიან, მათ მისიას, რისთვისაც შემოქმედმა შექმნა, ვეღარ ემსახურებიან… თქვენი ხელები გისაყვედურებენ, არ გაპატიებენ, სისხლის და სიკვდილის სუნით, რომ მოწამლოთ, ღმერთთან გიჩივლებენ!

ეგ ხელები ჭეშმარიტად ჯიჰადისთვის, ბრძოლისთვის არიან გაჩენილნი!.. ბრძოლისთვის შიმშილის, ტკივილის, სიძულვილის წინააღმდეგ! მსოფლიოს რამდენ კუთხეში სჭირდებათ მათი დახმარება, რამდენი ბავშვი ლოცულობს მათი გამოჩენისთვის, რომ პური მიაწოდონ, ჭრილობა შეუხვიონ… თქვენ კი ამ ხელებით იმუქრებით… თქვენი თავების დაჭრის დრო მოვაო… მე ამ ხელების დაკარგვის უფრო მეშინია, ვიდრე თავისა… ცხოვრება, ეს ბრძოლაა ღმერთისა და ეშმაკის, სიკეთისა და ბოროტებისა… ღმერთი სიცოცხლის, სიკეთის მცველებს და მშენებლებს ქმნის (ერთი წვეთი სისხლისგან აჩენს),  ეშმა კი იპარავს მათ… სიკეთის მშენებლებს ხელებს ჰპარავს… თქვენ ადამიანებს არ ებრძვით, თქვენ ღმერთს ებრძვით, და განა ჩვენ თქვენთან ბრძოლის უნდა გვეშინოდეს?!. მითუმეტეს, რომ ჩვენი ბრძოლა მხოლოდ მშენებლობაა, ჩვენი იარაღი არ კლავს, ჩვენს ხელებს გვინდა რძის, ყვავილების, პურის სურნელი ასდიოდეს… დიახ, სწორედ ისეთი, დედების, დიდედების ხელებიდან, რომ გიგრძვნიათ…

“…ჩემო მუსლიმანო ძმებო, ჩვენც თქვენს გვერდში ვიყავით, ერთად ვიყავით ალლაჰმა ინება და აქ მოგვიყვანაო“, – მოგვმართავთ, თქვენ… არ ვიცი რამდენად ვარ ამ მიმართვის ადრესატი, თქვენთვის, მაგრამ მე მოგმართავთ თქვენ: დიახ, ჩვენ ერთად ვიყავით, ამ ჭიდილში – სიკეთესა და ბოროტებას შორის… ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ! სადღაც სისუსტე გამოვიჩინეთ, ვერ შეგაშველეთ ჩვენი ხელები, ვერ დაგიჭირეთ… იქნებ აღარც გახსოვთ… იქნებ საყვარელი ადამიანების ხელების სურნელიც აღარც გახსოვთ… მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, რომ ეს ალლაჰის ნება იყო თუ დაკარგულებიც იპოვით გზას და ჩვენ გამოგვაფხიზლებთ, დაკარგულთა დაბრუნება და გვერდით მყოფთა უფრო მტკიცედ დაცვა, რომ დავიწყოთ! თუ ჩვენთან ერთად ჩაებმებით ადამინების გაადამიანურებისთვის ბრძოლაში, ჩვენს შორის სუსტებსაც თუ გააძლიერებთ, რომ უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ!

როცა ხელებს აღაპყრობთ ვედრებისათვის, შეხედეთ მათ… დააკვირდით, როგორი სასწაულია მათი შექმნა, ღმერთის სასწაული, როგორ შეუძლიათ მათ სამყაროს შეცვლა… ნუთუ თქვენ, ადამიანებს ვისაც ღმერთის არსებობა გწამთ შეგიძლიათ ასეთი უმადურები იყოთ მის წინაშე, შეგიძლიათ ასე ურცხვად აუმხედროთ მისივე ქმნილება?!. მოუსმინეთ თქვენს ხელებს, მათ სულ სხვა სურნელი ენატრებათ, მათ ცხოველმყოფელად ყოფნა სწადიათ!

მშვიდობას გისურვებთ, საქართველოდან.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მიმართულებათა ნათელმყოფელი!