სასკოლო განათლების პრობლემები საქართველოში

Schoolboy raising hand

ავტორი:თამთა ახალაძე

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების წინა საარჩევნო დაპირებებსა თუ განცხადებებში საგანმანათლებლო პრობლემები თითქმის არავის უხსენებია და არც საკუთარ სამომავლო პროგრამაში ჩაურთავს, განათლება ყოველთვის აქტუალურ და ხშირად მწვავე საკითხად აღიქმებოდა ქართულ რეალობაში. ნამდვილად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა ამ მიმართულებით, როგორებიც იყო საატესტატო და ერთიანი უმაღლესი გამოცდების შემოღება და უმღლეს სასწავლებელში მიღების ძველი, მანკიერი ქრთამსა და საჩუქრებზე დაფუძნებული პრაქტიკის მოშლა, თუმცა, ამის მიუხედავად მუდმივად არის დებატები იმის შესახებ, რომ საჭიროა ძირფესვიანი რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.

როდესაც აღნიშნულ საკითხს ვეხებით აუცილებლად უნდა ვახსენოთ სკოლაში არსებული მდგომარეობა, რადგანაც ეს ინსტიტუტი არის ძირითადი ბაზისი, რომელიც ამზადებს ადამიანს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და თუკი სკოლა არ არის ძლიერი, შესაბამისად, არც კი უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ გვეყოლება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ უნდა დავიწყოთ არსებული სიტუაციის გამოსწორება სასკოლო რეფორმით.

კერძოდ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ სკოლებმა ითამაშონ უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს რეალობაში? პირველ რიგში, მგონია, რომ სკოლები მოსწავლეებზე მორგებული უნდა გახდეს და მისცეს მათ ის აუცილებელი, რაც საჭირო იქნება სამომავლო ცხოვრებისათვის. მაგალითად, სკოლა ადამიანს უნდა აძლევდეს ძირითად და საბაზისო ცოდნას, უვითარებდეს ინტერესს სხვადასხვა სფეროს მიმართ და ეხმარებოდეს საკუთარი ნიჭისა და ტალანტისა გამოვლენასა თუ განვითარებაში. დღესდღეობით კი მივიღეთ ის, რომ სკოლების როლი უკიდურესად დაკნინებულია და მოსწავლეების 80%-ს რეპეტიტორების დახმარებით უწევს ცოდნის მიღება. აღნიშნული სიტუაციაა როგორც საჯარო სკოლებში, ასევე კერძო სასწავლებლებში, სადაც მშობლებს საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა უწევთ. ანუ მორალი ერთია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად პრესტიჟულ სკოლაში სწავლობ, ის მაინც ვერ მოგცემს განათლების ისეთ დონეს, რომელიც საჭიროა ელემენტარულად ზოგადი საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის.

როდესაც აღნიშნულ პრობლემას ჩავუღრმავდებით მივდივართ ისეთ საკითხამდე, როგორიცაა მასწავლებლების ინსტიტუტი. დღესდღეობით, ყველამ კარგად ვიცით, რომ პედადაგოგიკა არცთუ სახარბიელო, მეორეხარისხოვან პროფესიად არის აღქმული. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული სფერო ნაკლებად არის დაფასებული და მთავრობაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მასწავლებლების ხელფასი არის მიზერული, რაც ყოველგვარ მოტივაციას უკარგავს მომავალ სპეციალისტებს, რათა რაიმე ახალი დანერგონ და ნოვატორული იდეები შემოიტანონ განათლებაში. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ მასწავლებლების ძალიან დიდი პროცენტული რაოდენობა ვერ ლახავს სასერთიფიკაციო ბარიერს იმ საგანში, რომლის სწავლებაც თვითონ უწევს. ამის შემდეგ კი უკვე ნამდვილად არ არის გასაკვირი, თუ რატომ არის სასკოლო სწავლება ასეთი დაბალხარისხიანი ქართულ სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა პედაგოგს არ ეხება და საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვყავს სათანადო სპეციალისტები, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, უპირველესად რეფორმა უნდა შეეხოს პედაგოგიურ სფეროს, მოხდეს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება, რათა პირველ რიგში, მასწავლებლები აკმაყოფილებდნენ აუცილებელ კრიტერიუმებს და ასევე შეეძლოთ ბავშვებთან სწორი მიდგომა, რომელიც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლის დამოკიდებულება დიდ როლს თამაშობდა იმაში, თუ რამდენად დაინტერესდებოდა მოსწავლე ამა თუ იმ საგნით, რაც შესაძლებლობას მისცემდა მას, რომ სამომავლო პერსპექტივებიც განეხილა და საგანიც უკეთესად აეთვისებინა. თუმცა, ბევრი მათგანი უბრალოდ უგულებელყოფდა მოსწავლეების საჭიროებებს და ორიენტირებული იყო დროულად დაემთავრებინა გაკვეთილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ვიღებთ იმას, რომ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს განათლების და ნაკითხიანობის კუთხით მსოფლიოში, რაც ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი.

იქედან გამომდინარე, რომ სკოლა თავის ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს ვიღებთ ასევე უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებსაც, კერძოდ, იმას, რომ მშობლების სრულ უმრავლესობას აქვს პრეტენზია, რომ მათი შვილი სწავლობდეს უნივერსიტეტში (არ აქვს მნიშვნელობა უნდათ თუ არა ეს მათ შვილებს) და სულ მცირე ბაკალავრის დიპლომი ჰქონდეს. უნივერსიტეტებიც იღებენ სტუდენტების დიდ რაოდენობას, რომელთა უდიდესი ნაწილი შეიძლება მხოლოდ უმაღლესი გამოცდების მინიმალური ზღვარის გადალახვის შედეგად ჩაირიცხა მიმართულებაზე. შედეგად გვყავს ბევრი დიპლომიანი, მაგრამ ცოტა განათლებული ახალგაზრდა, რადგანაც უნივერსიტეტი ნამდვილად ვერ გარდაქმნის და შეცვლის დეფექტიან სასკოლო განათლებას, რომელიც არის ამ პრობლემის გამოწვევის მთავარი მიზეზი.

ხარისხიანი განათლება რომ პრობლემაა საქართველოში ამაზე არავინ დავობს, თუმცა, მხოლოდ წუხილი არაფერს გვიშველის სათანადო ნაბიჯების გადაგმის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ახალი მთავრობა თავისებურად უდგება ამ სფეროს და ხშირად ისმის დაპირებები იმის შესახებ თუ რა სახის რეფორმები გატარდება სკოლებსა თუ უნივერისტეტებში, ფაქტი ერთია- პრობლემა პრობლემადვე რჩება და სკოლას ისევ მეორეხარისხოვანო როლი აქვს.

ჩემი აზრით, ეს პრობლემა მოკლე დროში ვერ გადაიჭრება და საჭიროა რეფორმებს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი. სკოლებში მაღალკვალიფიციური პედაგოგების შემოყვანასთან ერთად უნდა გაიზარდოს მათი ანაზღაურება, რათა ეს სფერო გახდეს მნიშვნელოვანი და კონკურეტუნარიანი. ამასთან ერთად,  სკოლებში უნდა მიმდინარეობდეს სწავლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, რაც მოიცავს ასევე გამართულ ინფრასტრუქტურასა და კომფორტულ სასწავლო გარემოს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი პარტია იქნება სათავეში, უნდა გაითავისოს, რომ ხარისხიანი სასკოლო განათლების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირება, სოციალური თუ ეკონომიკური წინსვლა, რადგან განათლება არის ბაზისი ყველაფრის.

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.