„აქტივისტი ბავშვები“

ავტორი: თამუნა გეგიძე

5-6 წლის ბიჭი,  მაისურზე მისი საყვარელი სუპერგმირის გვერდით იწეპებს სარეკლამო ფურცელს, რომლის შინაარსიც დიდი ალბათობით არ ესმის.  ბიჭის მამა კი ამ პროცესს სიამაყით და ბედნიერი სახით უყურებს. სარეკლამო ფურცელი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

catsარადა “ლიბცენტრის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადად აჩვენა ის, რომ  საზოგადოების სრულწლოვანი წარმომადგენლების დიდ ნაწილი დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს. მით უფრო პატარა ბავშვს,  რომელიც სუპერგმირების ყურებით კარგი და კეთილი სამყაროს შესახებ იქმნის წარმოდგენას.

პატარა ბავშვები ამგვარი სტიკერებითა და ატრიბუტიკით მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ აქციაზე იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2 მაისის აქცია ფოტოგრაფებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო, განსხვავებული ადამაინების და საინტერესო , ცოცხალი კადრების ასახვის თვალსაზრისით, ობიექტივების უმეტესობა მაინც აქციის არასრულწლოვანმა მონაწილებმა მიიქციეს.  ამ კადრებმა დიდი აურზაური გამოიწვია. რამდენიმე მედიასაშუალებამ ბავშვების სურათები სახის დაუფარავად გაავრცელა, რასაც კრიტიკა მოყვა.

ბავშვთა საკითხების გაშუქება ის ფაქიზი საკითხია, რომელსაც მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. პლანის ფოთლებით შემკულ ბენდენაში გახვეული ბავშვის სურათებმა კარგი რეიტინგი დადო, ცხადია. მაგრამ რა ვუყოთ იმ მედიასაშუალებებს, რომელსაც კეთილი მიზანი ამოძრავებდათ და უბრალოდ რეალობა აღწერეს, ან ამ კადრების გავრცელებით იმის ხაზგასმა სცადეს რომ აქციაზე ბავშვები პროპაგანდისთვის გამოიყენეს და მათ უფლებები დაირღვა?  არგუმენტი, ისევე როგორც კონტრარგუმენტი ძალიან ბევრია, მაგრამ სიმართლე ერთია- არც მშობლებმა და არც მედიასააგენტოებმა ბავშვების უფლებებზე არ იზრუნეს.

როგორც ამ პროცესის მონაწილე გულახდილად ვიტყვი, ჩემი ობიექტივიც მეტწილად ბავშვებისკენ იყო მიმართული. მიზეზი მარტივია- უჩვეულო და საინტერესოა 4 დან 7 წლამდე ასაკის ბავშვის ხილვა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ აქციაზე.  კადრების აღებამდე მშობლებისგან ვიღებდი გადაღების ნებართვას, წინააღმდეგობის ნაცვლად კი ბედნიერი და ამაყი სახეები მეჩეხებოდა რომლებიც, ბავშვებს პოზიორობისკენ მოუწოდებდნენ.  შევლახე თუ არა ბავშვის უფლებები მე, დამწყებმა ჟურნალისტმა, რომელმაც ჩავთვალე რომ ასეთი კადრის აღება საინტერესო იქნებოდა და თან მრავალმხრივი ფოტორეპორტაჟი გამომივიდოდა? ფაქტია, რომ კი. არადა მასწავლიდნენ,რომ ბავშვის გადაღება მშობლის თანხმობით შეიძლება. მაგრამ იმასაც მასწავლიდნენ, რომ თუ მშობელი ვერ აცნობიერებს  სიმძიმეს და მნიშვნელობას, სიტუაციით არაკეთილსინდისიერად სარგებლობა არ შეიძლება. ამ ფაქტების გათვლისწინებით გულახდილად შემაწუხა კითხვამ : რატომ ვერ აცნობიერებს მშობელი, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ აქციაზე  არაფერი ესაქმება ბავშვს? 5 წლის ბავშვის გონება ვერც ნარკოტიკებს განსხვავებას და ვერც ტერმინის სწორად გაგებას შეძლებს, ვერც იმას მიხვდება რატომ უკეთია პლანის ფოთლებით შემკული ბენდენა, ახურავს ასეთივე ქუდი, ან უჭირავს ხელში ბანერი, რომელზე არსებული წარწერის წაკითხვაც კი არ შეუძლია.

როცა ზრდასრული ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მას უნდა ცხოვრება ქვეყანაში, სადაც „ძველმოდური გადმონაშთები“  არ იარსებებს და ადამიანების უფლებები არ შეილახება, მაშინ მან ისიც უნდა გააცნობიეროს რომ სხვისი უფლება არ შელახოს. მიუხედავად იმისა, რამდენად მოსწონდათ და უხაროდათ აქციის სხვა მონაწილეებს „აქტივისტი ბავშვების“ ხილვა და როგორ ეამაყებოდათ მათი ყურადღების ცენტრში ყოფნა მშობლებს, ბავშვების პროპაგანდისთვის გამოყენებას ვერცერთი რეიტინგი ვერ გაამართლებს. მივცეთ შანსი არასრულწლოვანს გაიზარდოს და თავად გადაწყვიტოს დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ ბანერს დაიჭერს ხელში თუ პირიქით. მისი ხმით სარგებლობის უფლება არავის აქვს, არც მშობელს, რომელიც სრულწლოვანებამდე მის ბედს განაგებს..

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.