“Shutdown” – ფედერალური მთავრობის გარეშე დარჩენილი ამერიკა

ავტორი: გიორგი ლოლაშვილი

ფოტო:Rex/Kris Tripplaar

ფოტო:Rex/Kris Tripplaar

“პინგ–პონგი კონგრესსა და სენატს შორის”

პირველ ოქტომბერს შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ მათ მაგიდებზე გამოერთოთ ტელეფონები და კომპიუტერები როზეტიდან და სახლში დაბრუნებულიყვნენ. ასეთივე ბრძანება მიიღო ასი ათასობით სხვა ადამიანმა, ამერიკის ფედერალური სამსახურების თითქმის ყველა თანამშრომელმა ქვეყნის მასშტაბით.

ამ ყველაფრის მიზეზი კი კონგრესსა და სენატს შორის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონთან(ე.წ. “Obamacare”) დაკავშირებული დაპირისპირებაა. როგორც მოგეხსენებათ, კონგრესში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს, რომელიც Obamacare–ის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ეს პროგრამა ზედმეტად დიდ თანხებს საჭიროებს და სენატისგან(რომელიც უმთავრესად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული) მასზე უარის თქმას მოითხოვს. საბოლოოდ, ორ მხარეს შორის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვადაზე ადრე ვერ მოხერხდა, რის გამოც ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა და პირველ ოქტომბერს „ნაკლებად მნიშვნელოვნად“ გამოცხადებულ ფედერალურ სამსახურებში მუშაობა დროებით შეწყდა. თავიანთი საქმიანობა არ მიუტოვებიათ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე მომუშავე პერსონალსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, თუმცა, ისინი სახელფასო ჩეკებს დაგვიანებით მიიღებენ.

კაპიტოლიუმში მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდნენ. რაც შეეხებათ „დამნაშავეებს“, რესპუბლიკელები და დემოკრატები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ. ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კორნირმა განაცხადა, რომ დემოკრატებს ფედერალური სამსახურების შეჩერების გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებოდათ:„ისინი უყურებენ გამოკითხვებს… ისინი რისკავენ ჩვენი ფედერალური მთავრობის დათხოვნით უბრალოდ, პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. დემოკრატები იმედოვნებენ, ადამიანების ტკივილის ფასად მოიპოვონ ეს უპირატესობა.“  რაც შეეხებათ დემოკრატებს, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჰარი რიდმა განაცხადა, რომ ისინი „შუბლზე თოფმიბჯენილის“ მდგომარეობაში იყვნენ და ბევრის არაფრის გაკეთება შეეძლოთ, თუმცა, “Obamacare”–თან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე წასვლაც კი ზედმეტი იყო.

პრეზიდენტმა 30 სექტემბერს, სპეციალურ ბრიფინგზე ფედერალური მთავრობის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება. ბარაკ ობამა ასევე გამოეხმაურა კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენებს და რესპუბლიკელები „მთლიანი ეკონომიკის დატყვევებაში“ დაადანაშაულა.  ობამას განცხადებით, რესპუბლიკელთა საკმარისი ნაწილი იყო მზად ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად, მაგრამ რადიკალურმა მარჯვენა ფრთამ ეს შეუძლებელი გახადა.

ფოტო:Pablo Martinez Monsivais, AP

ფოტო:Pablo Martinez Monsivais, AP
ამერიკის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის დათხოვნის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თეთრ სახლში

ობამამ მოუწოდა რესპუბლიკელებს, თავი გაენებებინათ მისი ჯანდაცვის კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რადგან ის არ დაუშვებდა, რომ მილიონობით ამერიკელმა ხელმისაწვდომი ჯანდაცვა დაკარგოს. „არ აქვს მნიშვნელობა, რის გაკეთებას გადაწყვეტს დღეს კონგრესი. ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროექტის დაფინანსება ადგილზეა და თქვენ მას ვერ შეაჩერებთ.“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა კონგრესისა და სენატის ასეთი  დაპირისპირება პინგ–პონგის თამაშს შეადარეს.

ცარიელი ქუჩები პიკის საათის დროს

„გარდიანის“ რეპორტიორები დღის განმავლობაში ვაშინგტონის ქუჩებში სეირნობისას უამრავ დახურულ შენობას წააწყდნენ. ვაშინგტონში დასაქმებულთა უმრავლესობა სწორედ სახელმწიფო სამსახურშია. მათთვის ასევე უცნაური სანახავი იყო თითქმის ცარიელი ქუჩები პიკის საათის დროს. ვაშინგტონსა და ნიუ იორკში “გარდიანის” ჟურნალისტები უამრავ საჯარო მოხელეს გაესაუბრნენ, რომლებსაც სახლში წასვლა უბრძანეს. მათ ასევე, ასეთ ადამიანებს თავიანთ საიტზე სთხოვეს, რომ გამოეგზავნათ მათი წერილები და მოსაზრებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „გარდიანის“ საიტზე ასეთი წერილებიდან ბევრ ამონარიდს შეხვდებით. ერთ–ერთ მათგანში ტეხასელი საჯარო მოხელე, რუტ სპენსერი წერს:“მე გაღიზიანებული და იმედგაცრუებული ვარ ჩვენს არჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებზე. მათი უმთავრესი მიზანი არა ქვეყნის მართვა, არამედ „მეორე მხარისთვის“ წარმატების მიღწევაში ხელის შეშლაა.“

„მე მაქვს შეგრძნება, რომ მე, როგორც გადასახადები გადამხდელი და ფედერალური მოხელე, მთავრობამ დამაღალატა. მე მიმაჩნია, რომ კონგრესი საერთოდ მიგდებულ უნდა იქნას. მე არ ვადანაშაულებ პრეზიდენტს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთლიანი საკანონმდებლო ორგანო უუნაროა.“ – ამბობს ნიუ იორკში მომუშავე საჯარო მოხელე მირიამ ჯეი ალენი, რომელმაც „გარდიანის“ ჟურნალისტს მოუყვა, თუ როგორ მივიდა პირველ ოქტომბერს სამსახურში, დააყენა მაგიდის ტელეფონი ხმოვანი ფოსტის რეჟიმში, გამორთო კომპიუტერი, მორწყა ყვავილები და სახლში დაბრუნდა.

„მე დასაქმების დეპარტამენტში ვმუშაობ, მაგრამ მე თვითონ არ მაძლევენ მუშაობის საშუალებას. რაღაც, სევდიანია, არა?“ – უთხრა „გარდიანის“ ჟურნალისტს შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტიდან გამომავალმა თანამშრომელმა.

ფოტო: Emmanuel Dunand/AFP/Getty Images საინფორმაციო დაფა, რომელიც ტურისტებს აუწყებს, რომ თავისუფლების ქანდაკება დროებით მნახველთათვის დახურულია, ფედერალური მთავრობის დათხოვნის გამო.

ფოტო: Emmanuel Dunand/AFP/Getty Images
საინფორმაციო დაფა, რომელიც ტურისტებს აუწყებს, რომ თავისუფლების ქანდაკება დროებით მნახველთათვის დახურულია, ფედერალური მთავრობის დათხოვნის გამო.

პირველი ოქტომბირსთვის, ყველა პარკი, მუზეუმი და ღირსშესანიშნაობა მნახველთათვის დაიხურა და ბარიკადებით შემოიღობა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შესაჩერებლად, რომლებიც ვაშინგტონში მისისიპის ყურიდან ჩამოვიდნენ. მათ ათასობით კილომეტრი გამოიარეს იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა მონუმენტისთვის პატივი მიეგოთ. მართალია, მონუმენტის წინ ბარიკადები დახვდათ, მაგრამ ვეტერანებმა შეძლეს მათი გადალახვა და მონუმენტთან მისვლა.

ციფრები:

სენატმა 54 ხმით 46–ის წინააღმდეგ კენჭისყრის შედეგად დაბლოკა კონგრესის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა იმ შემთხვევაში მიიღებდა დაფინანსებას, თუ Obamacare ერთი წლით გადაიდებოდა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საერთო ჯამში, დღეიდან ჯერჯერობით უმუშევრია 700 ათასიდან 800 ათას ადამიანამდე.

ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ერთკვირიანი დათხოვნის შედეგად ამერიკის სახელმწიფო 10–მილიარდიან ზარალს ნახავს.

ფედერალური მთავრობა ბოლოს 17 წლის წინ დაითხოვეს.

სტატია მთლიანად მომზადებულია შემდეგ მასალებზე დაყრდნობით:

http://www.theguardian.com/world/2013/oct/01/us-government-shutdown-begins-congress-furloughs-live

http://www.theguardian.com/world/2013/oct/01/us-shutdown-congress-debates-stalemate

http://www.bloomberg.com/news/print/2013-10-01/americans-by-72-oppose-shutdown-tied-to-health-care-cuts.html

http://www.nytimes.com/2013/10/02/us/politics/shutdown-debate-congress.html?hp

http://www.youtube.com/watch?v=KI89iucv5mg

http://www.bbc.co.uk/news/world-us-canada-24341801.

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.