სოფელში სწავლის „უპირატესობა”

2.jpgავტორი: ანი ქისტური

სხვადასხვა სოციალურ ქსელში,  ალბათ, ყველა  შევხვედრილვართ გრძელ სიებს იმ საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებიც სოფლებში დაიბადნენ.  თითქოს ყოველთვის ცდილობენ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, დაამტკიცონ ის, რომ  სოფელში მცხოვრებნი  ინტელექტუალური შესაძლებლობებით არათუ ჩამორჩებიან, არამედ აღემატებიან კიდეც ქალაქელებს. მათ მოაქვთ მაგალითები წარმატებული მოსწავლეების ან წარმატებული გუნდების, რომელთაც საქართველოში ან საერთაშორისო მასშტაბით გაითქვეს სახელი. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, სოფელში მცხოვრებ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება და წარმატება სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ გამოცდაზე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ ბავშვებთა შედეგებს.  საინტერესოა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

ერთი შეხედვით, სოფელში ყველა პირობაა შექმნილი კარგი განათლების მისაღებად. ნაკლები მანქანა და  მეტი ხე, ნაკლები ხალხი და  მეტი შინაური  თუ გარეული ცხოველი, ნაკლები რკინა-ბეტონი და მეტი სუფთა ჰაერი, ნაკლები კომპიუტერი – მეტი თავისუფალი დრო. ფაქტობრივად, იდეალური გარემოა ინტელექტუალური და ფიზიკური, სენსორული და მოტორული უნარ-ჩვევების გასავითარებლად. სრულ ჰარმონიაში მცხოვრებს, შორს ტექნოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული პროგრესისგან, ისღა დაგრჩენია  დილით 2-3 საათით ადრე ადგე და გაუდგე ტალახიან,  ოღროჩოღრო გზას სკოლისკენ. თუ გაგიმართლებს და სადმე, სკოლასთან ახლოს ონკანიდან მომავალ წყალს  ნახავ – ფეხსაცმელებს დაირეცხავ.  იქნებ ამ სეზონზეც როგორმე გაგიძლოს, იქნებ  მერე შენს ძმასაც გამოადგეს, სკოლაში თუ არა, სახლში მაინც ჩაიცვამს.  სულ ცოტათი კი გიჭერს  და სულ ცოტათი ძირი აქვს ამძვრალი, მაგრამ წყალი მაინც  არ უნდა  შეგივიდეს. თუ ყინულივით ცივი წყალი ფეხს დაგისველებს, უნდა გაუძლო,   რამდენიმე საათს როგორ ვერ მოითმენ?!  ვინ იცის, შეიძლება  სასწაული მოხდეს და  შეშის ღუმელმა დღეს მაინც   გაათბოს  ჩამტვრეულმინებიანი  საკლასო ოთახი.

აი, ისტორიის მასწავლებლის ძროხა გაბერწებულა, რძე კი ექნებათ ამ ზამთარს, მაგრამ მაინც ტყუილად უნდა შეინახონ. მერე შენი ძროხები გახსენდება, ნეტა ეგენიც გაბერწდებოდნენო – ფიქრობ და გული გწყდება ზაფხულში გათიბული ბალახი სახლში უგზოობის გამო რომ ვერ მოიტანეთ. გზა რომ ყოფილიყო, საწვავის ფულსაც იშოვნიდა მამაშენი. გაყინული ფეხები თავს გახსენებენ – თივის დამზადების ნაცვლად მაყვალსა და შინდზე რომ გევლო, შეგროვებული კი ხილი გაგეყიდა, იქნებ  ბერძენი ლეონიდასის ფეხსაცმელების იმედად აღარ დარჩენილიყავი.  მეორე გაკვეთილიც იწყება. ხელოვნების მასწავლებელი  წიგნში ვან ეიკის „არნოლფინის ოჯახის პორტრეტს“ გაჩვენებს, გაინტერესებს რა ხდება წყვილის უკან დაკიდებულ სარკეში, ერთი სული გაქვს, სახლში მიხვიდე და სურათის თითოეული დეტალი ინტერნეტში ნახო, მაგრამ გახსენდება,  რომ დარჩენილი მეგაბაიტები  გუშინ შენმა დამ ცილის ბიოსინთეზის ვიდეოების ყურებისას ამოწურა (ნუთუ  არ იცის, რომ ვიდეოების ყურება არ შეიძლება – ბრაზდები).  მესამე რუსულია – „Красная площадь является символом не только Москвы, но и всей России“ –  სულ სამნი ხართ კლასში, ძალიან მალე მოდის შენი ჯერიც და იწყებ გაკვეთილის მოყოლას.

დანარჩენი გაკვეთილები გიცდება – მასწავლებლები გარდაცვლილი მეზობლის სამძიმარზე მიდიან.  გახარებული, მაგრამ გაყინული მიდიხარ სახლში. თბები და   სახლის დალაგებას იწყებ, რომელი ერთი საქმე უნდა გააკეთოს ისედაც გადაღლილმა დედამ?!  ცოტა ხნის შემდეგ იღებ ყველსა და პურს, იცვამ რეზინის კალოშებს და ბოჩოლების მოსაძებნად მიდიხარ –  არ გეზარება შენი ყოველდღიური „სამუშაოს“ შესრულება. ჯოხი მაინც აგეღო, ტყეში მოგიწევს შესვლა. კაცმა რომ გკითხოს, ძალიან გინდა, მგელი, ტურა ან მელა მაინც შეგხვდეს – გამოწვევებს ეძებ, მაგრამ, ხომ ვიცი, გეშინია, მითმეტეს შებინდებისას, მითუმეტეს მარტოს. გაგიმართლა,  არც ისე გვიან პოულობ ბოჩოლებს,  თან არ გაგიმართლა – ვერავის მიახარებ, რომ მგელი ნახე და არ შეგეშინდა.

სახლში ბრუნდები, მშობლებიც ბრუნდებიან.  ოჯახის წევრები ერთად ვახშმობთ, მაგრამ უხმოდ – ყველა დაღლილია.  სახლში მხოლოდ ტელევიზორია ენერგიულად. ახალი ამბებიდან თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებაზე იგებ. ფიქრობ,  რა კარგი იქნებოდა, შენც რომ გცოდნოდა ამ კონკურსის შესახებ, მაგრამ როგორ გაიგებდი სოფელში? არც ინტერნეტი გაქვს და არც რაიმე წყარო ინფორმაციის მისაღებად.    რომც გაგეგო რას იზამდი, თბილისში წახვიდოდი? რომც წასულიყავი, მერე რა იქნებოდა? ნუთუ  კომაროველ, ვეკუელ, ბრიტანულ-ამერიკულ – ევროპულ სკოლა-აკადემიელ ბავშვებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდი?  იქნებ  პიანინო რომ გქნოდა ან მასწავლებელი ყოფილიყო სოფელში, მუსიკაში მაინც მიგეღწია წარმატებისთვის?   არ იდარდო, თუ ნატიფი და „თლილი“ თითები არ გაქვს,  სამაგიეროდ,  ბარვის ან თოხნის დროს ასრულებ შენი მოუხეშავი ხელებით საკმაოდ დახვეწილ მოძრაობებს – ამაში ხომ მაინც ხარ წარმატებული, ბადალი არ გყავს შენს ტოლებში. თუ კარგ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებ, არაუშავს, ფიზიკურად განვითარებული  ხარ, თავს როგორმე გაიტან. შენმა მასწავლებელმა რომ იწვალა, კარგად ისწავლა თავის დროზე  და ახლა ყველა დანამატიც აქვს, რაც კი შეიძლება ჰქონდეს, ხელფასი მაინც არ ყოფნის – ფიზიკურად შრომა უწევს. დღის პირველ ნახევარში გონებრივად იტვირთება, ენერგიას ხარჯავს, დღის მეორე ნახევარს კი მიწაზე მუშაობასა და საქონლის მოვლას უთმობს.

ეს ყველაფერი არც წუწუნი და არც თავის შეცოდებაა, თქვენ წამოიდგინეთ და არც -უტრირება. ის, რომ სოფლის სკოლის მოსწავლეები ნაკლებად კარგ შედეგებს აჩვენებენ ქალაქელ ბავშვებთან შედარებით, სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების  გამო ხდება.  ინფორმაციული ვაკუუმისა თუ საგანმანათლებლო რესურსების სიმწირის გამო სოფლის სკოლებში  არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია ისწავლონ და ასწავლონ უფრო უკეთ, იმუშაონ საკუთარ თავზე, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში.

სკოლა მუდმივად განიცდის კვალიფიციური კადრების სიმცირის პრობლემას – არაპრესტიჟული პროფესიის არჩევა და სოფლის სკოლაში სწავლება ძალიან ცოტას თუ უნდა.   ხშირად ამბობენ, რომ მოსწავლეთა სიმცირე უნდა უზრუნველყოფდეს მათ მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისად უკეთეს შედეგებს, მაგრამ ბავშვთა რაოდენობის ნაკლებობა კონკურენციის არარსებობასაც იწვევს. ის, რომ კლასში ყველაზე უკეთ სწავლობ (დაბალი ან არარსებული კონკურენციის პირობებში), შეიძლება ცოდნის ილუზია გაგიჩნდეს და სახლში დიდი დრო აღარ დაუთმო გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას.   არ გყავს როლური მოდელი, ის ვისაც მიბაძავ, ის ვისი წარმატებაც უფრო მოტივირებულსა და მიზანმიმართულს გაგხდის, რადგანაც შენს სოფელში ვერ  პოულობ ადამიანებს, რომლებმაც მიღებული ცოდნის გამოყენება შეძლეს – მათ ხომ თავის გასატანად  ძალიან მძიმე ფიზიკური დატვირთვა უწევთ.

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.